სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ დარჩა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ დარჩა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოსთან“ ახალი, 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი დოლარია. ქართველი ფორვარდი სან ანტონიოში მილუოკი ბაქსიდან გადმოყოლილი ახალბედას კონტრაქტით თამაშობდა, რომელიც „ბაქსმა“ მას დრაფტზე აყვანის შემდეგ გაუფორმა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ მამუკელაშვილის კონტრაქტიც ამოიწურა და მისთვის ხელშეკრულების შეთავაზების პირველი უფლება სწორედ „სან ანტონიოს“ ჰქონდა.

დედლაინის ამოწურვამდე სულ მცირე ხნით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ მამუკელაშვილს „სან ანტონიო“ კონტრაქტს არ შესთავაზებდა და ის თავისუფალი აგენტი გახდებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა და გრეგ პოპოვიჩის გუნდმა, რომელმაც გასულ დრაფტზე ფრანგი ფორვარდი ვიქტორ ვემბანიამა აიყვანა, ქართველი ფორვარდიც გუნდში დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, მამუკელაშვილს ერთწლიანი, გარანტირებული კონტრაქტი ექნება, რის განმავლობაშიც ის 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ თებერვლიდან თამაშობს. „მილუოკიში“ შეზღუდული სათამაშო დროის შემდეგ სანდროს „სან ანტონიოში“ დიდი ასპარეზი მიეცა და მანაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. მამუკელაშვილი საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა მოედანზე საშუალოდ გატარებულ 23.3 წუთში.