სანდრო ბრეგაძე - მთავარია, ოფიციალურად გაუქმდა გეიაქცია, ერთი-ორი ადამიანი რას მოიმოქმედებს, ქუჩა-ქუჩა ვერ დავუწყებთ დევნას
ლგბტი აქტივისტები თუ დაიცავენ თავის პირობას, მაშინ არც ჩვენ ჩავატარებთ აქციას, მაგრამ თუკი მოგვატყუებენ და მაინც ჩაატარებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი აქციაც იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.
„ჩვენ მივიღეთ საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობა. რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, მე გუშინ გავუკეთე შეთავაზება ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რომ თუკი ისინი არ ჩაატარებდნენ აქციას, მაშინ „ქართული მარშიც“ არ ჩაატარებდა აქციას. მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ ჩაატარებენ აქციას“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისი თქმით, „ქართული მარშისთვის“ მთავარია, ლგბტი თემის ღონისძიება ოფიციალურად გაუქმდა.
„ჩვენი მთავარი გამარჯვება არის ის რომ მათ ოფიციალურად გავაუქმებინეთ თავიანთი ღონისძიება. ახლა, ერთი-ორი ადამიანი რას მოიმოქმედებს, ჩვენ ნამდვილად ქუჩა-ქუჩა ვერ დავუწყებთ დევნას. აქ მთავარია, რომ ოფიციალურად გაუქმდა გეი აქცია, დანარჩენი მათ რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
მისი თქმით, „ქართული მარში“ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებას აპირებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ ეს პრობლემა გლობალურად არის სახელმწიფოში მოსაწესრიგებელი და ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ რამდენიმე სერიოზულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც დაარეგულირებს იმ საკითხებს, რაც ძალიან აქტუალური იყო და რომელმაც საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“, – აღნიშნა ბრეგაძემ.