სანდრო ბრეგაძე - მოვუწოდებ „ქართული მარშის“ წევრებს, დატოვონ ტერიტორია, სადაც პროვოკაციის მიზნით შეიძლება, მივიდეს პატრიარქის მაგინებელთა და ვიღაც პეტრე ცაავას მომხრეთა სექტა
მოვუწოდებ, რომ „ქართული მარშის“ ყველა წევრმა დატოვოს ის ტერიტორია, სადაც პროვოკაციის მოწყობის მიზნით შეიძლება მივიდნენ პატრიარქის მაგინებელთა, ვიღაც პეტრე ცაავას მომხრეთა სექტა, ლიბერასტები და ასეთი გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ წევრმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის განცხადებით, „ქართული მარში“ რიონის ხეობაში მიმდინარე აქციას მხარს უჭერს.
„მინდა „ქართული მარშის“ სახელით გავაკეთო სპეციალური განცხადება. ამჟამად ვიმყოფები თბილისში და მოგეხსენებათ, რომ „ქართული მარშის“ ახალგაზრდული კავშირი და გენერალური მდივანი იმყოფებოდნენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ამ აქციას მხარს ვუჭერთ და ჩვენი წევრები მუდმივად ჩადიან იქ მხარდაჭერის მიზნით, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ერთი რამ, იმდენად უბადრუკი და უსუსურია ის კლანი, რომელიც მოწადინებულია, რიონის ხეობა გაანადგუროს, იქ ჰესი ააშენოს, ათასი საშინელება ჩაიდინოს. როგორც კი გაიგეს, „ქართული მარში“ ჩადიოდა რიონის ხეობაში, იმავე წუთში პროვოკაციის მოწყობის მიზნით „ქართულ მარშს“ დაადევნეს ასეთი ოდიოზური ფიგურა. არსებობს დომენიკ მანგო, რომელიც 24 საათი კათოლიკოს-პატრიარქის და ეკლესიის ლანძღვა-გინებით და ღვთისმშობლის შეურაცხყოფით გამოირჩევა, ვინც ეს პროვოკაცია ჩაიფიქრა იმას ძალიან კარგად ჰქონდა განსაზღვრული, რომ როდესაც დომენიკ მანგო შეეჩეხება ქართველ ვაჟკაცს, პატრიოტ ადამიანს, ღვთის მორწმუნეს, რა თქმა უნდა მას უარყოფითი რეაქცია ექნება. გათვლილი იყო ეტყობა, რომ ჩვენ რაღაც პროვოკაციაზე წამოგვაგებდნენ.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ, რომ „ქართული მარშის“ ყველა წევრმა დატოვოს ის ტერიტორია, სადაც პროვოკაციის მოწყობის მიზნით შეიძლება მივიდეს პატრიარქის მაგინებელთა, ვიღაც პეტრე ცაავას მომხრეთა სექტა და ასეთი გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები. დატოვონ იქაურობა არა იმიტომ, რომ ვინმეს ვინმესი ეშინია, იმიტომ, რომ „ნამახვანჰესის“ არაშენების და რიონის ხეობის გადარჩენის საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიღაცის მოსაზრებები პატრიარქთან, ეკლესიასთან დაკავშირებით. მე, როგორც „ქართული მარშის“ ლიდერი და თავმჯდომარე, მოვუწოდებ ყველა „ქართული მარშის“ წევრს და მხარდამჭერს, გაერიდონ იმ ტერიტორიას, სადაც გამოჩნდებიან პროვოკატორები, რათა იმ კლანებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რიონის ხეობის განადგურებით, არ ისარგებლონ ამით. მე ახლა მაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული მარშის“ წევრები იქ აღარ იმყოფებიან. „ქართული მარშის“ წევრები ამჟამად იმყოფებიან ქალაქ ქუთაისში და ის პროვოკაცია, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდათ, ჩაფლავდა“, – განაცხადა ბრეგაძემ.