სანდრო ბარამიძე - გახარიამ რა თქვა, საინტერესო არ არის, კობახიძემაც განაცხადა გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, რომ გადადგომას არ განიხილავდა
გახარიამ რა თქვა, საინტერესო არ არის, რადგან კობახიძემაც განაცხადა გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, რომ გადადგომას სერიოზულად არ განიხილავდა, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა სანდრო ბარამიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებსა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან სანდრო ბარამიძის თქმით, ის, რომ ხელისუფლება დათმობებზე წავიდა კარგია, თუმცა ეს იყო იძულებითი ნაბიჯი.
„შიმშილობა როგორც ხედავთ გრძელდება. ის, რომ პროპორციულზე წამოვიდა ხელისუფლება, ეს კარგია. ეს მათი სურვილი არ იყო, ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომელიც გადადგეს. თუმცა ამას კავშირი არ აქვს იმ დანაშაულებრივ აქტებთან, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა 20-21 ივნისს. ამისათვის პასუხი უნდა აგოს კონკრეტულმა პირმა, მინისტრმა გახარიამ და მერე იმ პოლიციელებმა, რომლებმაც გამოიყენეს აშკარად დისპროპორციული აქტები: დამიზნებით სროლა, რეზინის ტყვიებით დევნა, ცემა და ასე შემდეგ.
გახარიამ რა თქვა ეს საინტერესო არ არის. კობახიძემაც განაცხადა მის გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე, რომ მის გადადგომას სერიოზულად არ განიხილავს. მთელი „ქართული ოცნება“ და მათ შორის კობახიძე აცხადებდნენ, რომ პროპორციულ არჩევნებზე საუბარი ასევე სერიოზული არ იყო. ასე რომ ამას ყველაფერს მოვლენები გვაჩვენებს“, – განაცხადა სანდრო ბარამძემ.