სანდრა რულოვსი - მგონი, აქციის მონაწილეები მოთხოვნებს დაამატებენ ცოტა ხანში, რადგან ივანიშვილის დანიშნული ხალხი ვერ აკეთებს საქმეს [ვიდეო]
მგონი, აქციის მონაწილეები მოთხოვნებს დაამატებენ ცოტა ხანში, რადგან ივანიშვილის დანიშნული ხალხი ხომ ხედავთ, რომ ვერ აკეთებს საქმეს და უნდა შეიცვალოს მთლიანი მთავრობა, უნდა შეიცვალოს განლაგება პარლამენტში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა. სანდრა რულოვსს ჟურნალისტებმა აქციის მოთხოვნების შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით ჰკითხეს.
სანდრა რულოვსი დღეს „თავისუფლების მარშში“ მონაწილეობდა. ამჟამად ის აქციაზე იმყოფება, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუწევს გადადგომა, თუმცა სანდრა რულოვსის განცხადებით, მთელი მთავრობა უნდა შეიცვალოს.
„არ უნდა, მაგრამ გიორგი გახარიას მოუწევს პოსტის დატოვება. მე პირადადაც ვურჩევ, რომ მალე გადადგეს, რადგან ეს პროტესტი არ გაჩერდეს. სჯობს, ხალხმა ისევ თავის საქმეს მიხედოს და გახარია მიხვდეს, რომ უნდა გადადგეს. უნდა მოვიდეს, ახალი არამხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ მთელი მთავრობა უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს. მოუწევს მთავრობას რომ გადადგეს, მე ასე ვფიქრობ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მონაწილეებს აქციის ორგანიზატორები და გამომსვლელები მიმართავენ.