სანდრა რულოვსი - მე და მიშას ნოემბერში ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს, გვინდა, ეს თარიღი ზუგდიდში აღვნიშნოთ
მე და მიშას 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს, გვინდა, რომ ეს თარიღი ზუგდიდში თქვენთან ერთად აღვნიშნოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
სანდრა რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების ხასიათზეა.
„მეკითხებიან ხოლმე, მიშა სად არის, როდის ჩამოვა. მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს, მე ძალიან მინდა და მას არანაკლებად, რომ ეს დღე აქ აღვნიშნოთ ზუგდიდში, თქვენთან ერთად. ღმერთმა ქნას, ასე იყოს, მიშა ჩამოვიდეს მშვიდობიანად, პრობლემების გარეშე, დახვდეს 11 გაერთიანებული პარტიის მომხრეები.
ალბათ, დანარჩენები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე #5-ს არ შემოხაზავენ, მიხვდებიან, რომ საქართველოსთვის ასე სჯობს, რომ მესამე პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკოსს, ჰქონდეს თავის ქვეყანაში მუშაობის საშუალება, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. თვითონაც ამბობს, მე უბრალოდ მინდა, ვიყო ჩემს ქვეყანაში, რათა დავეხმარო, ამ ქვეყნის განვითარების დიდი ხედვა აქვს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.