სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს მიერ გავრცელებული ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი
პარასკევს საღამოს გავრცელებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი, პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვალთ, – ამის შესახებ ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს.
სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ უერთდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.
ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უკრაინელ დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად საუბრობს. „მე და ლიზა იასკოს გვაქვს ერთობლივი ოჯახი, ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.