სანდრა ოუდკირკი - აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ცუდი არჩევანია
რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ აშშ-ის დაზვერვისა და სამხედროების შეშფოთებას იწვევს. აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროექტი რუსეთს საშუალებას აძლევს, ბალტიის ზღვაში მოსასმენი და სადამკვირვებლო ტექნოლოგიები განათავსოს.
ენერგო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, სანდრა ოუდკირკმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონის აზრით, გაზსადენის პროექტი ცუდი არჩევანია.
გერმანიის ბალტიის სანაპიროზე, გრიფსვალდის ყურეში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ დასავლური კომპანიებისა და რუსული „გაზპრომის“ კონსორციუმია, რომლითაც რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში ჩავა.