სანდრა კალნიეტე - ქართველმა ხალხმა უნდა განაგრძოს ზეწოლა კრიტიკული რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს
მივესალმე პროტესტის მონაწილეთა მიერ გამოჩენილ სიმამაცეს, სწორედ თქვენმა შემართებამ და სიმამაცემ შეაჩერა კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცების პროცესი, – ამის შესახებ ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, სანდრა კალნიეტემ ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა განაგრძოს ზეწოლა კრიტიკული რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ასეთი შესაძლებლობის ფანჯარა ერთი თაობის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ იღება.
ამასთან, სანდრა კალნიეტე მიმართავს ქართველ ხალხს, არ დაკარგონ შესაძლებლობის ფანჯარა.
„საქართველოში ძალზედ შემაშფოთებელი მოვლენები განცალკევებულად არ უნდა იყოს განხილული. რუსეთი აწარმოებს ომს, აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ცდილობს მოლდოვის დესტაბილიზაციას და ცდილობს, შეიყვანოს საქართველო საკუთარი გავლენის სფეროში. მე მივესალმე პროტესტის მონაწილეთა მიერ გამოჩენილ სიმამაცეს. ევროპა თქვენს სიმამაცეს ხედავს და ზურგს არ გაქცევთ. სწორედ თქვენმა შემართებამ და სიმამაცემ შეაჩერა კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის დამტკიცების პროცესი. ამის მიუხედავად, არ უნდა ვიყოთ მიამიტები. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ეს მოვლენები გვახსენებს, რომ ევროპაში არასდროს გვექნება გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება, ვიდრე ეს ნაცრისფერი ზონები რჩება. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი არის ევროკავშირში. ქართველმა ხალხმა უნდა განაგრძოს ზეწოლა კრიტიკული რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს. მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია, უზრუნველყოს მათი ლიდერების ანგარიშვალდებულება. მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს ოლიგარქების ძალას.
მე, როგორც ლატვიელმა, ვიცი, როგორი რთულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ნება მომეცით, გაგახსენოთ, ასეთი შესაძლებლობის ფანჯარა ერთი თაობის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ იღება და ღია დიდხანს არ რჩება. მივმართავ ქართველ ხალხს, არ დაკარგოთ თქვენი შესაძლებლობის ფანჯარა“, – განაცხადა სანდრა კალნიეტემ სიტყვით გამოსვლისას.