სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის მინისტრს დრო ხვალ, 15:00 საათამდე მისცეს.
„ჩვენი გეგმები არის, რომ ჯანდაცვის მინისტრო ხვალ, სამ საათამდე ველოდებით პასუხს. ამის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან და ჩვენს იურისტებთან ერთად შემოვდივართ თქვენ კაბინეტში, კმარა სიცრუე და სიცრუის ლაპარაკი. ხვალ, სამ საათზე გველოდეთ. ნუ დაგვიყენებთ დაცვას აქ – შემოგვიშვით, რადგან ჩვენც ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ“, – მიმართა აქციის მონაწილე ესმა ხორავამ მინისტრს.
სანატორიუმ „ქართლის“ შენობა, სადაც 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულია. ნაგებობა 2001 წლის მიწისძვრის დროს კიდევ უფრო დაზიანდა. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის ბინადრებს ორ ვარიანტს სთავაზობს – სამინისტროს მიერ ნაყიდი კორპუსების მშენებლობას დაელოდონ და მანამდე ქირით გადავიდნენ ან სამინისტროს მიერ შეთავაზებული თანხით ბინები თავად მოიძიონ. სანატორიუმის მცხოვრებნი უწყებას უნდობლობას უცხადებენ.