სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებაზე ფულადი ჯარიმები წესდება
სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენებაზე ფულადი ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 13 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენება და ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, შინაური ბინადარი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც შეიცავს ძალადობის ელემენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე არიან.