სანა მარინი - თურქეთისა და უნგრეთის გადასაწყვეტია, როგორ მოახდენენ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადების რატიფიცირებას, მაგრამ ჩვენ გვინდა ნატო-ს წევრობა და გვინდა ერთად
თურქეთისა და უნგრეთის გადასაწყვეტია, როგორ მოახდენენ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადების რატიფიცირებას, მაგრამ ჩვენ გვინდა ნატო-ს წევრობა და გვინდა ერთად, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე, „გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება“ განაცხადა.
მისივე თქმით, ფინეთს ამ ნაბიჯის გადადგა შვედეთთან ერთად უნდა არა იმიტომ, რომ კარგი მეზობელი ან პარტნიორია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ნატო-ს უსაფრთხოების დაგეგმვის საკითხი. ამასთან, აღნიშნა, რომ მათი წევრობა ნატო-ს ინტერესიც არის.
„24 თებერვალს როდესაც ომი დაიწყო და, სამწუხაროდ, უკვე ერთი წელი გადის ომიდან, ცხადი იყო, რომ ფინეთი შეუერთდებოდა ნატო-ს. ეს იმავე დღეს იყო ცხადი, როგორც კი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. ფინელების აზროვნება ამგვარია, გარანტირებული უნდა იყოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, დაცულები, ჩვენ გვაქვს სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებლად შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ნომერ პირველი საკითხი ფინელი ხალხისთვის. როდესაც რუსეთი, ჩვენი მეზობელი თავს დაესხა მეორე მეზობელ უკრაინას, ცხადი გახდა, რომ ჩვენ შევუერთდებოდით ნატო-ს. ეს არის ერთადერთი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაეკვეთა რუსეთს. ამიტომ ფინელებისთვის ეს არის უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხი, შეუერთდნენ ალიანსს.
ჩვენი გზავნილი მკაფიო იყო. ჩვენ გვინდა ამ ნაბიჯის გადადგმა შვედეთთან ერთად, და არა იმიტომ, რომ ძალიან კარგი მეზობლები ან პარტნიორები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ნატო-ს უსაფრთხოების დაგეგმვის, მთელი სამხრეთის საკითხიც. ამიტომ მხოლოდ ჩვენი ინტერესი არ არის, გავხდეთ ალიანსის წევრები, ჩვენი წევრობა არის ნატო-ს ინტერესიც. ამიტომ თურქეთისა და უნგრეთის მიმართ, რომლებსაც ჯერ არ განუხორციელებიათ რატიფიცირება, ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ გვინდა ნატო-ში ერთად შესვლა და ეს ყველას ინტერესია. ეს მათი გადასაწყვეტია, როგორ მოახდენენ რატიფიცირებას, მაგრამ ჩვენ გვინდა ნატო-ს წევრობა და გვინდა ერთად“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.