სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა
სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

აშშ-ში, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა, რომელიც პირველი ოქტომბრიდან გაუწევს საკონსულო მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს მცხოვრებთ შემდეგ შტატებში: კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, ვაიომინგი, მონტანა, კოლორადო, ნიუ-მექსიკო, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალიასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ამასთან, გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. შესაბამისად, ჩვენს ვებგვერდზე დღეიდან შესაძლებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, შემდეგ მისამართზე www.geoconsul.gov.ge.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც ონლაინ გამარტივებული ფორმით, ასევე, პირადი ვიზიტისა და საფოსტო გზავნილის მეშვეობით საკონსულოში.

საკონსულო აღრიცხვა არის უფასო და არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან დასაკავშირებლად იხელმძღვანელეთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციით: მისამართი: 930 Montgomery Street, Unit 301, San Francisco, CA 94133; ტელეფონი: +1 (415) 528-3706; ფაქსი: +1 (415) 528-3728; ელ ფოსტა: [email protected]“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.