სან ფრანცისკოს პოლიცია - ბოროტმოქმედი ნენსი პელოსის მეუღლეს პოლიციის თვალწინ დაესხა თავს
სან ფრანცისკოს პოლიცია - ბოროტმოქმედი ნენსი პელოსის მეუღლეს პოლიციის თვალწინ დაესხა თავს

ბოროტმოქმედი ნენსი პელოსის მეუღლეს პოლიციის თვალწინ დაესხა თავს, – ამის შესახებ განცხადება სან ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა, უილიამ სკოტმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სახლში პოლიცია ღამით გამოიძახეს.
ადგილზე მისულ ოფიცრებს დახვდათ ნენსი პელოსის მეუღლე და თავდამსხმელი. გამოძიების ინფორმაციით, ორივეს ეჭირა ხელში ჩაქუჩები. სამართალდამცველების ცნობითვე, ბოროტმოქმედმა პოლ პელოსის ჩაქუჩი პოლიციის თვალწინ ჩაარტყა.

ამჟამად, პოლ პელოსი და თავდამსხმელიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველების ცნობით, პოლიციამ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა. ის 42 წლის დევიდ დეპეპე აღმოჩნდა.

პოლიცია თავდასხმის მოტივს ვერ ასახელებს. გამოძიებაში ჩართულია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო და კაპიტოლიუმის პოლიციაც.

ამასთან, „სიენენი“ იუწყება, რომ თავდამსხმელი დევიდ დეპეპე სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებდა სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს. მათ შორის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოძიების შესახებ.