კალიფორნიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სან-ბერნარდინოში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის შემოგარენში, მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსთან მოხდა. სროლა სავარაუდოდ ურთიერთდაპირისპირებას მოჰყვა. პოლიციამ ვერ დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც ცეცხლი პირველად გახსნა, ასევე ვერ იპოვა ცეცხლსასროლი იარაღი.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მათ 30-მდე გასროლის ხმა გაიგეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ.
გასული წლის აპრილში სან-ბერნარდინოს ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მასწავლებელი მოკლა, ორი მოსწავლე კი დაჭრა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა თავი მოიკლა. ერთ-ერთი დაშავებული მოსწავლე მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2015 წლის დეკემბერში კი მასობრივი მკვლელობა სან-ბერნარდინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში მოხდა, სადაც წარმოშობით პაკისტანელმა წყვილმა ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის ორი თავდამსხმელი, 24 ადამიანი კი დაშავდა. თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.