სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.
დღეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი ბეზარაშვილი პროგრამაში ჩართულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს შეხვდა.
პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას ითვალისწინებს, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 51 მოთხოვნადი საქმიანობა გამოავლინა – ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებპროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენტი, შემდუღებელი, ბუღალტერი და სხვა.
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა 2-4 თვეა. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე – 1000 ლარს.
პროფესიულ კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 44 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაატარებს.
გარდა მოკლევადიანი კურსებისა, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ვაკანტურ ადგილზე სტაჟირებისთვის სტაჟიორს სახელმწიფო ყოველ თვე, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, სტიპენდიის სახით – 200 ლარს გადაუხდის.
პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან, რომლებიც რეგისტრირებული არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი.
პროგრამაში ჩართვისთვის სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით იწარმოებს. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და ა.შ.