სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის სტუმრების მისაღებად გამოყენებასაც განიხილავს
სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის სტუმრების მისაღებად გამოყენებასაც განიხილავს

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში კულტურის ეროვნული ცენტრისა და ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცის განთავსება, ასევე, პარალელურად ამ სივრცის მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად გამოყენება განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ავლაბრის რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განუცხადა.

საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის წევრთა შემადგენლობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე ესწრებიან ავლაბრის სასახლის პროექტის ავტორი გიგა ბათიაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე.

„დღეს განვიხილავთ ერთ-ერთ მთავარ ვერსიას, რომელიც პრეზიდენტის სასახლის პროექტის ავტორს ეკუთვნის. განვიხილავთ წინადადებას კულტურის ეროვნული ცენტრისა და ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცის თაობაზე. ასევე, დამატებით არსებობს წინადადებები, რომ თავად შენობის არქიტექტურის და უნიკალური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რომელიც იძლევა თბილისის არაჩვეულებრივად წარმოჩინების საშუალებას, პარალელურად, აღნიშნული სივრცე მაღალი რანგის სტუმრებისთვის იყოს გამოყენებული. თუმცა, ეს გახლავთ მხოლოდ სამუშაო ვერსიები.

იმედია, მომდევნო კვირის ბოლომდე ყველა დამატებით კონსულტაციას გავივლით და შესაბამის რეკომენდაციებს წარვადგენთ“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით, ძალიან კარგი იქნება, თუ ავლაბრის რეზიდენცია მაღალი რანგის ვიზიტების მასპინძლობისთვის იქნება გამოყენებული.