სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება - კომპანია, რომელმაც სამტრედიის ბაღებს ცხენის ხორცი მიაწოდა, დაჯარიმდა და მასთან კონტრაქტიც შეწყდა
კომპანიასთან, რომელმაც სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა, სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ კონტაქტი გაწყვიტა, გარდა ამისა, შპს „ელენიკო“ 20 ათასი ლარითაც დაჯარიმდა, – ამის შესახებ პირველ არხს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა. იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ბაღებში ბავშვთა კვების რაციონისთვის შეტანილი ხორცის წარმომავლობა, შეამოწმა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ ხორცი ცხენის იყო და არა საქონლის.
ხათუნა გაგუას თქმით, მაშინ აღნიშნული ხორცით 24 საბავშვო ბაღი მომარაგდა.
„საბედნიეროდ, არც ერთი ბავშვის მოწამვლა ან სხვა რამე გართულება არ დაფიქსირებულა. ხორცის მომწოდებელ შპს „ელენიკოსთან“ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ კონტრაქტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, კომპანია 20 ათასი ლარით დაჯარიმდა“, – განაცხადა ხათუნა გაგუამ.
დღეს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შარშან სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტი დაფიქსირდა. მან ბაღებში კვების რაციონის შემოწმების მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.