სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანი გამოიყვანეს
იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ოთხი მწყემსი უვნებლად გამოიყვანეს. მხარის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო, მწყემსები სოფელ გომში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე დარჩნენ და დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ადგილობრივებს სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარის მეორე მხარეს საძოვრებზე პირუტყვი ჰყავდათ, ადიდებულმა მდინარემ გამოსასვლელი დატბორა, რის გამოც, მათი გამოყვანა გართულდა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.
ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის ტერიტორიაზე, რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული საყანე ფართობი მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა. აღნიშნულ ტერიტორიას მოსახლეობა ზამთარში საძოვრად იყენებს.