სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – უკვე გამოკითხულია მძღოლი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.