სამტრედიაში ადგილობრივ მცხოვრებ ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
სამტრედიაში რამდენიმე მამაკაცმა, მათ შორის სასულიერო პირმა ადგილობრივი მცხოვრებ ქალსა და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამტრედიაში მცხოვრები იმედა გოგავას თქმით, ცემის პარალელურად, წყვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
გოგავა ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„სამტრედიაში დღეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. კერძოდ, ქალაქის მთავარ მაგისტრალზე ქართველი „ვაჟკაცები“ დაუნდობლად გაუსწორდნენ ჩემ მეგობარ ახალგაზრდა გოგოს და მის უცხოელ მეუღლეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც გაჟღენთლი იყო დისკრიმინაციული და ჰომოფობიური გამოხტომებით. საგანგაშოა ისიც, რომ ამ ისტორიაში ფიგურირებს მღვდელიც. ამ დროისთვის უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვიმედოვნებ, გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდება, რისი დიდი მოლოდინი სამწუხაროდ არ მაქვს“, – ამბობს იმედა გოგავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტზე ჯერ არც ერთი პირი არ დაუკავებიათ.