ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი ნახევარი დასრულდა, სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და გუნდებმა გაძლიერება დაიწყეს.
„სამტრედიამ“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ტობოლთან“ შეხვედრამდე 7 ახალი მოთამაშე დაიმატა. გუნდს უკვე შეუერთდნენ „რუსთავის“ ნახევარმცველი ავთო ენდელაძე და თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია, ქუთაისის „ტორპედოდან“ – მცველი გიორგი გურული, შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია და საყრდენი ოლეგ მამასახლისი. ცეცაძის გუნდში გორის „დილას“ ორი მოთამაშეც მიიწვიეს – მცველი ჯემალ გოგიაშვილი (რომელიც „სამტრედიაში“ 2015-2017 წლებში თამაშობდა) და თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია.
გუნდი გაძლიერებას აგრძელებენ – უახლოეს პერიოდში გაირკვევა მეკარის საკითხიც. „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ევროპა ლიგის პირველი მატჩი კი 10 ივლისს იმართება და საკადრო პრობლემების მოგვარება სასწრაფოდ სჭირდება.
ცოტა ხნის წინ „სამტრედიასთან“ კონტრაქტები გააფორმეს 24 წლის მცველმა გიორგი ჯგერენაიამ („ნორჩი დინამო“), 24 წლის მცველმა დმიტრო ულიანოვმა (უკრაინული კრამატოვსკის „ავანგარდი“) და 26 წლის თავდამსხმელმა ლაშა კუჭუხიძემ (ქუთაისის „ტორპედო“).