სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთზე ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი, 14-კილომეტრიანი გზა გაიხსნა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთზე ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი, 14-კილომეტრიანი გზა გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ.

ახალი ოთხზოლიანი გზა, რომელიც 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს, გვერდს აუვლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს.

საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

პროექტი, საერთო ჯამში, 18.5-კილომეტრიანი ოთხზოლიანი ასფალტ-დბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, სამი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას მოიცავს.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდა, უსაფრთხო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი 254 მილიონი ლარით აფინანსებს.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო მე-3 მონაკვეთზე სატენდერო პროცედურებია დაწყებული.

სულ მალე, საექსპლუატაციოდ გადაეცემა ხაშურის შემოვლითი გზაც.

წლის ბოლომდე, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ჯამში, 70 კმ-მდე სიგრძის გზა გაიხსნება, რაც უპრეცედენტო პროგრესია საქართველოში ავტობანის მშენებლობის ისტორიაში.