სამთო-გეოლოგიური დარგის სპეციალისტებმა შახტებში პრობლემების მოგვარების გზებზე დოკუმენტი შეიმუშავეს
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევსთან დაკავშირებით სამთო-გეოლოგიური დარგის სპეციალისტებმა დღეს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს და ორგანიზაცია „საქართველოს სამთო საზოგადოება“-ს სახელით, რეზოლუციის პროექტი მოამზადეს, რომელსაც მთავრობას გაუგზავნიან.
დოკუმენტში შახტებში პრობლემების მოგვარების გზებზეა საუბარი და 11 პუნქტისგან შედგება:
სრულყოფილი იქნას შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედი რეგლამენტები და სტანდარტები ქვანახშირის მომპოვებელ წამყვან ქვეყნებში მოქმედი რეგლამენტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით;
მკაცრად იქნას დაცული შრომითი დისციპლინისა და შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნები (შრომის უსაფრთხოების მუდმივი ინსტრუქტაჟი სამუშაო ადგილების მიხედვით; მიწისქვეშა ტექნოლოგიური პროცესების ტექნიკური და ვიდეო მონიტორინგის თანამედროვე საშუალებათა ინფრასტრუქტურის შექმნა; მუშა-მოსამსახურეთა ყოველწლიური სამედიცინო კონტროლი);
ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები, როგორც შიდა საშახტო, ასევე სახელმწიფო, უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით;
შახტის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის დანიშვნა შესაბამის თანამდებობაზე განხორციელდეს უსაფრთხოების მოთხოვნათა სფეროში სწავლებისა და ატესტაციის გავლის შედეგების გათვალისწინებით;
ეთხოვოს განათლების სამინისტროს დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ტექნუკურ უნივერსიტეტში ამფეთქებელ-სპეციალისტების მომზადების შესახებ, შესაბამისი სასწავლო პროგრამები გადაცემულია განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის დეპარტამენტისათვის;
გავრცელდეს და სრული მასშტაბით ამოქმედდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ტყიბულის რეგიონისთვის;
განხორციელდეს ცემენტის წარმოებაში გამოყენებული კლინკერის იმპორტზე საბაჟოს გადასახადების რეგულირება, ტყიბულის ნახშირზე წარმოებული კლინკერის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით;
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზე ციცაბოდ დახრილი ფენების დამუშავებისას, რეკომენდაცია მიეცეს საერთაშორისო პრაქტიკაში ანალოგიურ სამთო-გეოლოგიურ პირობებში წარმატებით გამოყენებულ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტყიბულის პირობებისთვის ადაპტირებულ საქვესართულე შტრეკებზე მოპოვების ტექნოლოგიას КПВ-2 კომპლექსის გამოყენებით;
ტყიბულის ნახშირის წარმოების გრძელვნადიანი პერსპექტივის უზრუნველყოფის მიზნით, დაჩქარდეს 300 მგვტ-ნი ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა;
დაჩქარდეს 13,2 მგვტ-იანი ტყიბულის ელექტროსადგურის რემონტი და ექსპლუატაციაში გაშვება;
ჩამოთვლილი ღონისძიებების რეალიზაციამდე მინდელის სახელობის შახტზე განხორციელდეს საკადრო ცვლილებები და გაგრძელდეს ქვანახშირის მოპოვება არსებული ტექნოლოგიისა და შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვისა და კონტროლის მექანიზმის მოქმედების პირობებში, შეიქმნას სამთო დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთაგან დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო სამი-ხუთი წევრის შემადგენლობით.
მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. 5 აპრილს კი, იმავე შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.