სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩაერთო
შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სოსო ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური ჯგუფი ჩაერთო, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯგუფი დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებით.
„სამუშაო ჯგუფს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ნარსია ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის, სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე რუსთავში იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებებში მათი ჩართვა საქმის ოპერატიულ და ობიექტურ გამოძიებას შეუწყობს ხელს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას
შესაბამისი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული გუშინ იპოვეს.