სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი თედორაძე დაიკითხა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი თედორაძე დაიკითხა.
თედორაძე არის ის ერთადერთი მოწმე, რომლის განმარტებითაც, მან გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძის კაბინეტიდან გამოსული იარაღით ხელში დაინახა. თუმცა, მოწმემ ეს ჩვენება გამოძიებას მეორედ დაკითხვაზე მისცა და დღეს სასამართლოშიც გაიმეორა.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატს კითხვები სწორედ ამ მიმართულებით ჰქონდა. პროცესი თავად ბრალდებული გიორგი ჭანტურია და სამსონ ქუთათელაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
„სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრალდება, რაც წაყენებული აქვს ჭანტურიას. კიდევ ერთხელ დაიკითხა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, რომელმაც სასამართლოზე საკმაოდ დამაჯერებლად განაცხადა თუ როგორ დაინახა შემთხვევის ადგილიდან გამოსული გიორგი ჭანტურია იარაღით ხელში, როგორ ჩაჯდა ის ავტომანქანაში და გაემგზავრა. შესაბამისად, დასტურდება ის ბრალდება, რაც წარედგინა გიორგი ჭანტურიას, კერძოდ ის, რომ მან ჩაიდინა სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობა“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.
როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, ირაკლი თედორაძე ამ საქმის „ჩადებული მოწმეა“.
მისივე თქმით, ირაკლი თედორაძემ ჩვენება მისცა მკვლელობიდან მეორე დღეს და დააფიქსირა, რომ არაფერი უნახავს, არაფერი გაუგია და მას შემდეგ, რაც ჭანტურია დააკავეს რადიკალურად შეცვალა ჩვენება.
„ირაკლი თედორაძე დღეს უკვე სასამართლო პროცესზე მთელ რიგ საკითხებში წინააღმდეგობაში მოვიდა მის მიერ შეცვლილ ჩვენებასთანაც. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ამ ადამიანის სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, სამივე ჩვენებაში ეს ადამიანი იტყუება, არც ერთ ჩვენებაში სიმართლეს არ ამბობს. უფრო მეტიც, როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში ამბობს, რომ რაღაც დაინახა, დასტურდება, რომ იმ ფორმით ვერ დაინახავდა. რაღაც სიტუაციაში ამბობს, რომ მანქანამ ჩაუარა, მაგრამ მანქანა ვერ ჩაუვლიდა ამ დროს, ასეთ დროს ამბობს, რომ ასე იყო და დამიჯერეთ, მაგრამ არანაირი ობიექტური ახსნა არა აქვს. მას რომ დაენახა ჭანტურია ოფისის უკანა კარიდან გასული, უნდა ახსოვდეს ოფისის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები, განლაგება და ასე შემდეგ, ამ გარემოებებზე ამბობს რომ საერთოდ არაფერი არ ახსოვს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სამსონ ქუთათელაძის ოჯახის ადვოკატმა ლევან ზაქარაძემ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი ჭანტურიას ადვოკატი საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის.
„ადვოკატი ყველანაირად ცდილობს, საზოგადოება, შეიყვანოს შეცდომაში და ამით რაიმე ზემოქმედება მოახდინოს სასამართლოზე. ჩვენ დეტალურად გავეცანით ამ საქმეს, არანაირი ჩადებული მოწმე არ არსებობს და საქმე გამოძიებულია დეტალურად, დაზარალებული გაეცნო ყველა მტკიცებულებას და იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარება, რომ აღნიშნული დანაშაული გიორგი ჭანტურიამ ჩაიდინა“, – განაცხადა სამსონ ქუთათელაძის ოჯახის ადვოკატმა ლევან ზაქარაძემ.