სამშვიდობო ზავის მესამე დღეს „ჰამასი“ კიდევ 13 მძევალს გაათავისუფლებს
სამშვიდობო ზავის მესამე დღეს „ჰამასი“ კიდევ 13 მძევალს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს უკვე გადაეცა იმ მძევლების სია, რომელთა გათავისუფლებასაც დღეს „ჰამასი“ გეგმავს. ამ ნუსხას ახლა ისრაელის უსაფრთხოების ძალები შეამოწმებენ და შემდეგ ინფორმაცია მიეწოდება მძევლების ოჯახების წევრებს.
როგორც მედია წერს, „ჰამასის“ მიერ შედგენილ სიაში არიან აშშ-ის მოქალაქეებიც.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენლებმა წითელი ჯვრის წევრებს გადასცეს 20 მძევალი, მათ შორის 13 ისრაელელი და შვიდი უცხოელი იყო. თავის მხრივ, ისრაელმა გაათავისუფლა ციხეში მყოფი 39 პალესტინელი, მათ შორის ექვსი ქალი და 33 არასრულწლოვანი.
მანამდე, 24 ნოემბერს „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი 13 ისრაელელი და 11 უცხოელი გაათავისუფლა.
სამშვიდობო ზავი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხი დღე უნდა გაგრძელდეს. ამ პერიოდში სულ უნდა გათავისუფლდეს 50 მძევალი, ხოლო ისრაელის ციხეებს 150 პალესტინელი დატოვებს. ამას გარდა, ზავის პირობები ითვალისწინებს ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეში ისრაელის ავიაციის ფრენების დღეში ექვსი საათით შეჩერებას, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 200 ავტომობილისა და, ასევე, საწვავით დატვირთული ოთხი სატვირთოს შეშვებას.