სამშენებლო პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე რეგულაციების მოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე შეჩერდა
სამშენებლო პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე რეგულაციების მოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე შეჩერდა

სამშენებლო პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე რეგულაციების მოქმედება 2019 წლის 15 იანვრამდე შეჩერდა.

საუბარია რეგლამენტზე, რომელიც  მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შევიდა ძალაში და, რომლის თანახმად სამშენებლო მასალების ნაწილზე – ცემენტის, არმატურის, ელექტროკაბელებისა და პლასტმასის მილების ბაზარზე სახელმწიფო ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს, მათი იმპორტისას კი, ახალი საბაჟო პროცედურები უნდა ამოქმედდეს.

ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილების მოქმედების შეჩერების მიზეზი ბიზნესოპერატორების არასაკმარისი ინფორმირებულობაა.

„მიუხედევად იმისა, რომ რეგლამენტის მიღებამდე მოხდა ინტენსიური საინფორმაციო  კამპანიის წარმოება სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი კერძო სექტორის სრულად  ინფორმირებისთვის. იმპორტიორთა ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა, რამაც შექმნა გარკვეული სახის პრობლემები საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთნაკადების რიგებთან დაკავშირებით.  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე იმის გამო, რომ საქართველოს  ადგილობრივ ბაზარზე არ შექმნილიყო სამშენებლო პროდუქტების დეფიციტი და მას  შესაბამისად არ მოჰყოლოდა პროდუქტებზე ფასების ზრდა, საქართველოს მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა რეგლამენტის მოქმედების ვადის შეჩერება 2019 წლის 15 იანვრამდე“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებითვე, 2019 წლის 15 იანვრამდე დარჩენილი პერიოდი, არის სრულიად საკმარისი, რათა კერძო სექტორი მოემზადოს „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N476 დადგენილებით დამტკიცებული მოთხოვნების შესრულებისათვის.

აღნიშნული დადგენილების თანახმად, რეგულაციებს არ დაექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
რაც შეეხება მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტები, მათ შესაბამის სტანდარტები განსაზღვრავს.

რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით.  შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იმპორტიორს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის), საქონლის უკან დაბრუნების ან მის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის 6 სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.

შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შესაბამისი რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით გააჩეროს სამშენებლო პროდუქტი, ხოლო თუ დასახელებულ ვადაში დადგინდება, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი სამშენებლო პროდუქტის იმპორტის გზით ბაზარზე განთავსება. იმპორტიორი კი ვალდებულია, უზრუნველყოს საქონლის უკან დაბრუნება.

ბაზარზე ზედამხედველობა ორი სახით ხორციელდება: გეგმის შესაბამისად და არაგეგმურად, პროდუქტთან დაკავშირებული რისკის ან/და საფრთხის არსებობის შესახებ ინფორმაციის ან ეჭვის საფუძველზე. დარღვევების  შემთხვევაში კი, განსაზღვრულია პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება.