სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაზე კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა
სამშენებლო ნორმების დარღვევაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ შესაბამისი ნებართვის გარეშე I ან II კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აგრეთვე III, IV ან V კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, დაისჯება – ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება- არაერთგზის; ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
პროექტში ამ მუხლთან მიმართებაში შენიშვნის სახით დაკონკრეტებულია, რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე III კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, აგრეთვე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I და II კლასის შენობა-ნაგებობის ან III კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე (მათ შორის, მიშენებაზე ან/და დაშენებაზე), აგრეთვე ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობაში ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში წარმოებულ მშენებლობაზე (გარდა დაშენებისა).
ასევე განისაზღვრება, რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება უძრავ ქონებაზე მშენებლობას, თუ უძრავი ქონება კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია.
ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივით, მშენებლობის წარმოება სანებართვო პირობების – განაშენიანების რეგულირების
პარამეტრების (K1 და K2 კოეფიციენტების), ან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის დარღვევით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდ თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება – არაერთგზის; ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ამ მუხლთან მიმართებაშიც წარმოდგენილია შენიშვნა და დაკონკრეტებულია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული K1 კოეფიციენტის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის გადამეტება 5%-ზე მეტით ან 20 კვადრატულ მეტრზე მეტით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული K2 კოეფიციენტის დარღვევად კი ჩაითვლება შემთხვევა, თუ მშენებლობის შედეგად მოხდა მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება 5%-ზე მეტით ან 100 კვადრატულ მეტრზე მეტით.
ამასთან, პროექტში ნათქვამია ისიც, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალური სიმაღლის დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც შენობა- ნაგებობის სიმაღლე გადააჭარბებს შესაბამისი ნებართვით განსაზღვრულ მაჩვენებელს 10%-ზე მეტით ან 2 მეტრზე მეტით.
ასევე ინიციატივაში აღნიშნულია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს I და II კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების სამშენებლო საქმიანობისას.
რაც შეეხება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობას, პროექტით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.