სამშენებლო კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის მიზეზების დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს
მიმდინარეობს კონსტრუქტორებთან და გეოლოგებთან მუშაობა, რათა დადგინდეს ჩამონგრევის მიზეზები და შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდეს, – ეს კომენტარი სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯის“ დირექტორმა, ბეჟან წაქაძემ პირველ არხთან გააკეთა.
მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სწორედ „ჯიდიჯი“ აშენებს აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ ჭონქაძისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე სასტუმროს. წაქაძის თქმით, მშენებლობის ნებართვა კომპანიამ გასულ წელს აიღო. პროექტის თანახმად, სასტუმრო ტერასებად არის დაყოფილი და ყველაზე მაღალი ნაწილი რვასართულიანი უნდა იყოს.
ამასთან, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საკითხის შესწავლა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა.
კლდის ჩამონგრევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.