სამშენებლო კომპანიებს რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა დაევალებათ
სამშენებლო კომპანიები ვალდებული იქნებიან სამშენებლო ობიექტის პროექტთან ერთად, რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტიც წარადგინონ.
ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ითქვა.
შესაბამისი ცვლილება კანონქვემდებარე აქტებში შედის.
ცვლილების თანახმად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველივე ეტაპიდან ერთვებიან პროცესში.
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის განცხადებით, არც ერთი პროექტი არ იქნება ჩაბარებული, თუ დენდროლოგიური პროექტი და სატრანსპორტო სქემა სათანადოდ არ იქნება შეფასებული და დამტკიცებული გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ.
„ამ ცვლილებით საფუძველი ეყრება იმას, რომ თბილისში რეკრეაციული და მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდოს. იმისათვის, რომ თითოეულ უბანში შესაძლებელი იყოს წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, შესაძლებელი იყოს ნორმალური საფეხმავლო გადაადგილება, ამას საფუძველი ეყრება იმ ცვლილებებით, რომელიც დღეს იქნა წარდგენილი. არც ერთი პროექტი არ იქნება ჩაბარებული, თუ დენდროლოგიური პროექტი და სატრანსპორტო სქემა სათანადოდ არ იქნა შეფასებული და დამტკიცებული გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების მიერ”, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ