სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს
11:08, 29.11.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა პირისთვის გამორჩენის და უპირატესობის მინიჭებით, წინასწარი შეთანხმებით, ერთ-ერთი მოქალაქე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.