სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება პოლიციელის ტერიტორიულად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე თანამდებობაზე გადაყვანა
სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, პოლიციელის ტერიტორიულად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა შესაძლებელი იქნება. ეს შეიძლება, მოხდეს პოლიციელის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე.
შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და მიხეილ სარჯველაძე.
ცვლილებების მიხედვით, პოლიციელის გადაყვანა თანაბარ, ტოლფასს თანამდებობაზე დასაშვები იქნება ერთი წლის ვადით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, ვადა დამატებით ერთი წლით გაგრძელდეს.
პროექტით, ვადის ამოწურვის შემდეგ ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემთხვევაში, პოლიციელი გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობას დაუბრუნდება, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელი აღმოჩნდება, შესაბამის ტოლფას თანამდებობაზე დაინიშნება. პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი შეთავაზებულ თანამდებობაზე უარს განაცხადებს, იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში პოლიციელთა რაოდენობა არათანაბარია და ერთ რეგიონში შესაძლოა, დასაქმებული იყოს პოლიციელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მაშინ, როდესაც მეორე რეგიონში პოლიციელთა რაოდენობის დეფიციტი იქმნება.