სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპული გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამშრომლების ოჯახის წევრები კომპენსაციას მიიღებენ
სახელმწიფო კომპენსაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამშრომელთა ოჯახის წევრებიც მიიღებენ, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ, ან დაზიანებები მიიღეს.
შესაბამისი ცვლილებები – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
ცვლილებებით, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა 2018 წლის 1-ელი ივნისიდან დაიწყება და ყოველთვიურად მისი რაოდენობა 1000 ლარი იქნება.
კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო კომპენსაციას იმ პირების ოჯახის წევრები მიიღებენ, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მონაწილეობდენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება.
„თითოეულ ტყის მცველზე და დაცული ტერიტორიების რეინჯერებზე ათასობით ჰექტარი დასაცავი ტერიტორია მოდის. დღევანდელი მდგომარეობით, ერთ ტყის მცველზე დაახლოებით 3 700 ჰა ფართობი მოდის, მაშინ როდესაც ევროპაში არსებული სტანდარტებით ერთ ტყის მცველზე 500-1000 ჰა-მდე მოდის. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად, ტყის მცველების მიერ დაახლოებით 3500 სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლინება ხდება. ამასთან, რთულ ბუნებრივ პირობებში, მათ ყოველდღიურად ათობით კილომეტრის გავლა უწევთ და ისინი ხშირად მათზე გაცილებით კარგად აღჭურვილ შეიარაღებულ ბრაკონიერებს უპირისპირდებიან. მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალია დაღუპვის რისკიც“, – აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება ბიუჯეტზე კანონპროექტის გავლენას, პროექტში ნათქვამია, რომ ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს, რადგან მათი ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული იქნა ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ხუთი თანამშრომელი.
პროექტის ავტორების გათვლებით, 2018 წელს გასაცემი თანხა დაახლოებით 35 ათას ლარს შეადგენს, ხოლო შემდგომ საშუალოვადიან პერიოდში – 60 ათას ლარს.