სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მეხანძრე-მაშველი ბათუმში საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი – 25 წლის თორნიკე კიპაროიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამძიმარი პირადად გამოუცხადა.
„მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო, ძალიან კარგი, ვაჟკაცი ადამიანი გამოაკლდა პირველ რიგში ოჯახს, სამსახურს, სამშობლოს. ეს ადამიანები ნამდვილად გმირები არიან, ისინი თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად სიცოცხლეს წირავენ. მართლა კარგი ადამიანი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე გამოგვაკლდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, გმირი მეხანძრე-მაშველისთვის პატივის მისაგებად ბათუმში იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.
ბათუმში ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
თორნიკე კიპაროიძე სამხედრო პატივით დაიკრძალა. საპატიო ყარაულმა მის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
თორნიკე კიპაროიძე 11 თებერვალს გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. მედიკოსების ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახალგაზრდა მეხანძრე-მაშველი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2014-2018 წლებში ის თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 2017-2018 წლებში მონაწილეობა მიიღო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.
თორნიკე კიპაროიძე დაჯილდოებულია მედლით – „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“. მას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.