სამრეწველო ტბების ეკოსისტემის აღსადგენად დაცვითი ღონისძიებების შემუშავება იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში არსებული სამრეწველო ტბების ეკოსისტემის აღსადგენად დაცვითი ღონისძიებების შემუშავებას იწყებს.
უწყების ინფორმაციით, რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებოდა.
სამცხე-ჯავახეთში შვიდი სამრეწველო ტბაა, რომელთაგან ხუთი (ბუღდაშენი, ტაბაწყური, ხანჩალი, კარწიხი და მადათაფა) დაცულ ტერიტორიებში შედის, ორი ტბა კი – ფარავანი და საღამოს ტბა, რეგულაციების მიღმაა დარჩენილი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო იწყებს არსებული ორი ტბის ეკოსისტემის კვლევას და, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში, ისეთი სქემის შემუშავებას, რაც ტბების ეკოსისტემის აღდგენასა და რეგულაციას მოახდენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მეცხოველეობის მიმართულებით შექმნილ ვითარებას და ტრადიციული ყველის წარმოების საკითხებს გაეცნო.
ლევან დავითაშვილი დედათა მონასტერში ყველის წარმოებით დაინტერესდა, რომელიც „ფოკის მონასტრის ყველით“ არის ცნობილი და მას დედები უკვე 7 წელია აწარმოებენ.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ყველის წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ჯავახეთის ზეგანზე მაღალი ხარისხის ყველის წარმოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი იმყოფებოდნენ.