სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სასტუმროებისა და ბაზრობების შემთხვევაშიც მკაცრდება
სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სასტუმროებისა და ბაზრობების შემთხვევაშიც მკაცრდება

პარლამენტში ინიცირებული პროექტით, 100 და მეტ ადგილიანი სასტუმროს/დასასვენებელი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. ასევე, ინიციატივით, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის – 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით, ავტოგასამართი ან აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას თითოეული დაუზღვეველი ობიექტის (სადგური) რაოდენობის 1000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.