სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო აცხადებს, რომ სოფელ გუმათში ქვეყნის შიდა ბორდერიზაციის გასაპროტესტებლად ჩავიდა
სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციას სამოქალაქო აქტივისტი დომენიკო მანგო მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდა. მასთან ერთად იმყოფება დეკანოზი გიორგი ასათიანი, რომელმაც სამართალდამცავებს მოუწოდა, სოფელ ნამოხვანისკენ გზა გაეხსნათ.
როგორც სამოქალაქო აქტივისტმა აღნიშნა, ის აქციას უერთდება. მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო ქვეყნის შიდა ბორდერიზაცია. საზღვარი, რომელიც ამ ხალხს გაუკეთეს აქ. ვაკვირდებოდი, გზებზე ისმოდა რეპლიკები, მაგრამ დიდი რისკის ფასად მაინც მოვედი აქ და ამით მინდა, ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიებს უყურებენ, დავარწმუნო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლა ჩემს უკან რასაც ვხედავთ, ფაქტობრივად, ქვეყნის შიდა ბორდერიზაციაა, ქვეყნის შიდა უფლებების შელახვა, შიდა დამცირება და ეს ჩემთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ქვეყანაში არიან ჩემი მხარდამჭერები, რომლებიც გვერდში მიდგანან. სწორედ მათთვის უნდა არსებობდეს იმედი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს იქნება ქუთაისში თუ სხვაგან. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, დავრჩები თუ არა, გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიაა და ჩაიკეტება გზები. ალბათ ავტობუსში დავრჩები მეგობრებთან ერთად ან ვინმე შემიფარებს.
ამასთან, დაპირისპირების ალბათობა თავისთავად იყო. მე ამაზე პრეტენზია არ მაქვს. ჩვენ ჩვენი პოზიციების მქონე ადამიანები ვართ, ვიღაც სხვა რამეს ფიქრობს. უნდა შევძლოთ, ასეთ მომენტში, როცა ამდენი პოლიციელი დგას და რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც მოხუცები აბრახუნებენ, ჩვენ, განსხვავებული აზრების მიუხედავად, უნდა შევძლოთ თანადგომა. ამიტომ ვბედავ აქ დგომას იმ ფონზე, როცა ყველგან თვალი მიყურებს“, – განაცხადა დომენიკ მანგომ.
შეგახსენებთ, სოფელ გუმათში რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია. როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ მათ აქციის გამართვის საშუალება სოფელ ნამოხვანში მისცენ. გოლეთიანის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პიკეტირება დაიწყება.
სოფელ გუმათში ამ დრომდე რჩებიან საპოლიციო ძალები. მათ გუმათიდან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა რკინის ბარიკადებით აქვთ გადაკეტილი.