სამომხმარებლო სესხების ვადა სამ წლამდე შემცირდა, რაც ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში
სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. საუბარია არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება მოხდა სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.
„სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შედეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის სამ წლამდე შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ამ ეტაპზე ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.