სამოას ნაკრები გულშემატკივრებს ემადლიერება - მსოფლიო თასზე წასასვლელად, კუნძულელებს ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდათ
სამოელთა კაპიტანი კრის ვუი და მისი გუნდელი ჯეკ ლემი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მადლობას უხდიან. საქმე იმაშია, რომ სამოას ნაკრებმა მსოფლიო თასზე წასასვლელი სახსრები ვერ მოიძია და გულშემატკივრების მხრიდან შემოწირულობებზეა დამოკიდებული.
ვუის განცხადებით, ის უზომოდ მადლიერია, რომ გულშემატკივრები მის ნაკრებს მსოფლიო თასზე ასპარეზობის შანსს აძლევენ.
ლემი, რომელიც ვუისთან ერთად „ბრისტოლ ბეარზში“ ასპარეზობს, გულშემატკივართა დახმარებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და რამდენიმე საკითხს ნათელი მოჰფინა.
„ჩემი სურვილია, ერთ დღეს აღარ ვიყოთ დამოკიდებულები გულშემატკივრების შემოწირულობაზე და ისე მოვახერხოთ მსოფლიო თასზე წასვლა. მორაგბეებს ხშირად გვიწევს რთული არჩევანის გაკეთება ქვეყანასა და კლუბს შორის, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ლემმა.
მსგავსი დილემის გამო, სამოელთა ლიდერმა ჯო ტეკორიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა და „ტულუზაში“ განაგრძობს ასპარეზობას.
სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც წყნარი ოკეანის კუნძულებზე დაბადებული მორაგბეები სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობას არჩევენ. ლემის თქმით, ეს რაგბის უდიდესი პრობლემაა და მარტივი გამოსავალი არ არსებობს.