სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მოთავსებული პირები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი პირები 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს.
ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, სპეციალური საარჩევნო უბნები შეიქმნება. როგორც სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საუბარია 73 ოლქში თითო-თითო სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნაზე.
„სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზაშეწონილობის შესახებ გასულ სხდომაზე გვქონდა საკმაოდ ფართო განხილვა და დისკუსია. გამოითქვა არაერთი მოსაზრება, თუმცა საკითხი ვერ მივიღეთ, ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ამომრჩევლებს მივცეთ გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ბუნებრივია, შეთავაზებული იყო საკითხი ხელმეორედ განხილულიყო. საუბარია კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობაზე. ამომრჩევლები არ უნდა დავტოვოთ ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე. ბუნებრივია, იმისთვის, რომ სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი, უნდა შეიქმნას საარჩევნო უბნები. შესაბამისად, წარმოდგენილი არის განკარგულების პროექტი, რომელიც ეხება საარჩევნო უბნების შექმნას, 73 ოლქში იქნება თითო-თითო უბანი შესაბამისი ნუმერაციით“, – განაცხადა საკითხის წარდგენისას ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, კომისიის წევრებმა იმსჯელეს ამ უბნებზე სპეციალური ჯგუფების შექმნის, უფლებამოსილი პარტიების მიერ სპეციალური ჯგუფების დანიშვნის, შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის პროექტთან დაკავშირებითაც. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ უბნებზე კომისიის წევრთა შესარჩევად კონკურსისთვის შესაბამისი განაცხადების მიღება 22-23 სექტემბერს მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს კი, არაუგვიანეს 24 სექტემბრამდე ექნებათ ვადა, რათა წარადგინონ ამ უბნებზე საკუთარი წარმომადგენლები.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ ასევე მხარი დაუჭირა ამ უბნებზე საარჩევნო კომისიების წევრების სახელფასო საკითხში ცვლილებასაც. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ვინაიდან ეს არის საარჩევნო უბნები, სადაც არსებობს განსაკუთრებული რისკი, მნიშვნელოვანია კომისიის წევრების წახალისება. სწორედ ამიტომ მოხდა ცვლილება სახელფასო საკითხში.