სამხრეთის გაზის დერეფანში საქართველოს განსაკუთრებული როლი ბაქოს მინისტერიალის დეკლარაციაში აღინიშნა
სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალი, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობდა, ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დეკლარაციაზე ხელმოწერით მინისტერიალის მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა გარემოს დაცვა, სასათბურე გაზების შემცირება, ენერგოწყაროების დივერსიფიკაცია, ევროპის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და ა.შ.
უწყების ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტს, რომელიც, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„დეკლარაციაში აღინიშნა, რომ მინისტერიალის მონაწილეები ხაზს უსვამენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებულ როლს ამ პროექტის განხორციელებაში და თავად პროექტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსთვის, რომელიც ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2016 წელს გაწევრიანდა.
მხარეებმა აგრეთვე აღნიშნეს სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა და რეგიონალური თანამშრომლობის აუცილებლობა მთელი კორიდორის სიგრძეზე, ასევე ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ პროექტი დაგეგმილ ვადებში დასრულდება და ევროპა 2020 წელს მიიღებს დამატებით აზერბაიჯანულ გაზს“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.