სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბე ებენ ეცებეთს (Eben Etzebeth) გუნდიდან მოკვეთა ემუქრებოდა, თუმცა, როგორც „ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია“ (BBC) იუწყება, მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ჩვეულებრივად გაემგზავრება.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეცებეთი ქალაქ ლანგებაანში უსახლკარო ადამიანს დაემუქრა ცეცხლსასროლი იარაღით, თუმცა თავად სპორტსმენი ამას კატეგორიულად უარყოფს.
„აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს მე ფიზიკურად ან რამე სხვაგვარად დავემუქრე ვინმეს ლანგებაანში. მყავს ბევრი მოწმე, ვისაც შეუძლია, ჩემი უდანაშაულობა დაადასტუროს“, – განაცხადა სამხრეთაფრიკელმა მეორეხაზელმა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, „ქურციკების“ ხელმძღვანელობამ მოთამაშის განმარტებები საკმარისად ჩათვალა და ის ნაკრების განაცხადში შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბიში წელს იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამხრეთ აფრიკის ნაკრები პირველ მატჩს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ 21 სექტემბერს გამართავს.