სამხრეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. როგორც „ბიბისი“ ჰათაის მერზე დაყრდნობით წერს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. ამასთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანია დაშავებული.
თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.
ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა. სტიქიას თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეზობელ სირიაში დაიღუპა 4 500-ზე მეტი ადამიანი. 6 თებერვლის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ექვსი ათასზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.