სამხრეთ საბერძნეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, რომელზეც ემიგრანტები იმყოფებოდნენ, სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულებიც
სამხრეთ საბერძნეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, რომელზეც ემიგრანტები იმყოფებოდნენ, სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა. არიან დაკარგულებიც, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნავი ლიბიიდან იტალიისკენ მიემართებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა 104 პირის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ნავზე.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, აღნიშნული ნავი საერთაშორისო წყლებში სამშაბათს ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს კუთვნილმა თვითმფრინავმა დააფიქსირა. მათივე ინფორმაციით, ბორტზე არცერთ მგზავრს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი და მგზავრებმა შეთავაზებულ დახმარებებზე უარი განაცხადეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი ნავი ჩაიძირა.
სამაშველო ოპერაციის ჩატარება ძლიერმა ქარმა გაართულა. ხელისუფლების ცნობით, გადარჩენილი პირები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, საბერძნეთი ერთ-ერთი მთავარი გზაა ევროკავშირში მოსახვედრად ლტოლვილებისა და ემიგრანტებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და აფრიკიდან.