სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტო - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ოფიციალური სეული ფხენიანის ამ ქმედებას საფრთხედ აფასებს.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ომში, შესაძლოა, 10 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი ჩაერთოს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ-იოლმა პარასკევს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა მოიწვია და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყველა შესაძლო საშუალებით უნდა უპასუხოს ამ მოვლენას. სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, რუსეთში უკვე 1 500 ჯარისკაცი ჩავიდა, ხოლო ანონიმური წყაროების თქმით, საბოლოო რიცხვი, შესაძლოა, 12 000-მდე გაიზარდოს.
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ, NIS-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები წვრთნებს გადიან რუსეთის ბაზებზე უსურიისკში, ვლადივოსტოკსში, ხაბაროვსკსა და ბლაგოვეშჩენსკში. მანამდე „ბიბისის“ რუსულ სამსახურს ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ ანონიმურობის დაცვით განუცხადა, რომ ჩრდილოეთკორეელი სამხედროების გარკვეული რაოდენობა ჩავიდა და განთავსდა ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე უსურიისკის მახლობლად.
სეულის სადაზვერვო სააგენტომ ასევე გაავრცელა უსურიისკისა და ხაბაროვსკის საჰაერო სივრციდან გადაღებული ფოტოები, სადაც, მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ასობით ჯარისკაცია შეკრებილი.