სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდა
სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ბოლო 24 საათში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „კოვიდ-19“-ის 17 ახალი შემთხვევა აღრიცხა. ყველა მათგანი დიდ ოფისებსა და საწყობებში გამოვლინდა.
მთავრობა აცხადებს, რომ მართალია ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი არ არის, თუმცა შესაძლოა, ქვეყანას მცირე ზომის კლასეტრებთან გამკლავება რამდენიმე თვე მოუწიოს.
„ჩვენ თავდაპირველად ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა დაიწყებოდა შემოდგომაზე ან ზამთარში, მაგრამ ჩვენი პროგნოზები არ გამართლდა. მეორე ტალღა მაისში, სეულიდან დაიწყო“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
სეულის მერმა აღნიშნა, რომ თუ ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში 30-ს გადააჭარბებს, მაშინ პრევენციული და უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.
ამჟამად სამხრეთ კორეაში 12 438 ინფიცირებულია აღრიცხული. 10 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო დაღუპულია 280 პაციენტი.