სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 1 500-ზე მეტი კი ევაკუირებულია
სამხრეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 1 500-ზე მეტი ევაკუირებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, შვიდი კი დაშავდა.
როგორც მედია წერს, კოკისპირულმა წვიმებმა მეწყერი და კაშხალში წყლის დონის მატება გამოიწვია.
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 567 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
კორეის სარკინიგზო კორპორაციის ცნობით, მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, რადგან ლიანდაგები დატბორილია და არსებობს კლდეების ჩამოშლის საფრთხე.
კორეის პრემიერ-მინისტრმა, ჰან დაკ სუმ მოუწოდა სამხედროებს, აქტიურად ჩაერთონ სამაშველო საქმიანობაში, იმუშაონ მთავრობის წარმომადგენლებთან აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის.