სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორად სებასტიან მოლინეუსი დაინიშნა
სებასტიან მოლინეუსი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე მერსი ტემბონს შეცვლის, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში რეგიონული დირექტორის თანამდებობა 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივნისამდე ეკავა.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის ინფორმაციით, სებასტიან მოლინეუსი ამ თანამდებობაზე ზედამხედველობას გაუწევს მსოფლიო ბანკის პროგრამას სამ ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც მსოფლიო ბანკის ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავებას და განხორციელებას უხელმძღვანელებს განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციაში.
მოლინეუსი იმუშავებს თბილისში, სადაც მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისი მდებარეობს.
სებასტიან მოლინეუსი გერმანიის მოქალაქეა. მან მსოფლიო ბანკის ჯგუფში საქმიანობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მოსკოვის ოფისის პროექტის მენეჯერად 2002 წელს დაიწყო. მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა პოზიციები, როგორც IFC-ში, ისე მსოფლიო ბანკში, სადაც კორპორაციული მართვის, კაპიტალის ბაზრების, ასევე საფინანსო და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით მუშაობდა. ამჟამად სებასტიან მოლინეუსი მსოფლიო ბანკში ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების გლობალური პრაქტიკის განყოფილების დირექტორია.
ახალ თანამდებობაზე მუშაობისას მოლინეუსის უმთავრესი სამი პრიორიტეტი იქნება: მთავრობასთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის წარმართვა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში; მსოფლიო ბანკის საფინანსო, საკონსულტაციო მომსახურების ზედამხედველობა და პროგრამების შემდგომი წარმართვის ხელმძღვანელობა ქვეყნის სისტემური შეფასებისა და თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის ფორმულირების ჩათვლით; და თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსთან (MIGA) მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობის გასაძლიერებლად.
სებასტიან მოლინეუსი ამ პოზიციაზე მსოფლიო ბანკის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის მეშვეობით შეარჩიეს.