სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ჩორჩანაში ჩავიდნენ
სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ჩორჩანაში ჩავიდნენ.
მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მათი შუამდგომლობით დღის განმავლობაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ცხინვალის დე-ფაქტო და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებს შორის შეხვედრა გაიმართოს.
„ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა”, – ამის შესახებ ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს.
„ჩვენი პოლიციის საგუშაგოს, ბლოკპოსტის განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოცემული მომენტისთვის”, – აღნიშნა ქემოკლიძემ.